პრენატალური სტრესის ზემოქმედება ადამიანის განვითარებასა და ეპიგენეტიკაზე
პრენატალური სტრესის ზემოქმედება ადამიანის განვითარებასა ეპიგენეტიკურ - თაობათაშორის გავლენებზე

პრენატალური სტრესის ზემოქმედება ადამიანის განვითარებასა და ეპიგენეტიკაზე
ავტორი : ნანა ალექსიძე
2025წ. 27 ივნისი
კვლევების მზარდი რაოდენობა მიუთითებს, რომ პრენატალურ სტრესს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ორსულობაზე, დედის ჯანმრთელობასა და ადამიანის განვითარების პროცესზე მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეს ზეგავლენა შესაძლოა მოხდეს პირდაპირ — სტრესთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებების მეშვეობით ნაყოფის განვითარებაზე, ან არაპირდაპირ — დედის ჯანმრთელობასა და ორსულობის შედეგზე გავლენის გზით, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჩვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. დღეს უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ფსიქოსოციურმა, კულტურულმა და გარემო სტრესორებმა, რომლებიც ორსულობის პერიოდში ხდება, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც ორსულობაზე, ისე დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. უკანასკნელი კვლევები კი მიუთითებს, რომ პრენატალური სტრესი შეიძლება თაობათაშორის შედეგებზეც აისახოს.
პრენატალური სტრესი შეიძლება იყოს:
- მძიმე (მაგ., ტრავმა),
- საშუალო (მაგ., ცხოვრებისეული ცვლილებები),
- მსუბუქი (მაგ., ყოველდღიური სტრესორები და გაღიზიანებები).
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადრეული კვლევა სტრესის მინიმალურ გავლენას ასახელებდა, უმეტესობა აჩვენებს, რომ მსუბუქი, საშუალო და მძიმე სტრესი უარყოფითად მოქმედებს როგორც ორსულობის მიმდინარეობაზე, ასევე ბავშვის ქცევით და ფიზიოლოგიურ განვითარებაზე.
პრენატალური სტრესის შესახებ კვლევები ასახავს იმ სტრესორების მრავალფეროვნებას, რაც ორსულობის პერიოდში შეიძლება არსებობდეს. ფსიქოსოციური სტრესორები მოიცავს ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა პირადი ცხოვრების რღვევები, სამსახურის დაკარგვა, საცხოვრებლის შეცვლა, ოჯახში ძალადობა ან ოჯახის სტრუქტურული ცვლილებები, რაც ადაპტაციური ქცევის საჭიროებას წარმოშობს.
ფსიქოსოციური სტრესი აღნიშნავს სტრესულ მოვლენებს, რომლებიც ორსულობასთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული (მაგ., ფინანსური სირთულეები, ოჯახური კონფლიქტები), მაშინ როდესაც ორსულობასთან დაკავშირებული შფოთვა და სტრესი უკავშირდება უშუალოდ ორსულობას — მაგალითად, პრენატალური გამოკვლევების შედეგებზე წუხილი, შიში ჩვილის ჯანმრთელობისა და განვითარების მიმართ, ან გაურკვევლობა მომავალი დედობის როლთან დაკავშირებით. კვლევები აჩვენებს, რომ ორივე ტიპის სტრესს — ფსიქოსოციურს და ორსულობასთან დაკავშირებულს — შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ორსულობასა და ადამიანის განვითარებაზე.
- პრენატალურ სტრესთან შეხებას შეუძლია გავლენა მოახდინოს შვილის ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და გრძელვადიან ფუნქციონირებაზე როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზით.
- სტრესმა შეიძლება გაზარდოს უარყოფითი ორსულობის შედეგების (მაგ., ნაადრევი მშობიარობა, დაბალი წონა) რისკი, რაც უკვე დაკავშირებულია ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობის სირთულეებთან.
- გარდა ამისა, სტრესმა შეიძლება დედის პერინატალური დეპრესიისკენ მიდრეკილება გაზარდოს, რაც ნეგატიურად აისახება დედა-შვილის ურთიერთობაზე და/ან ბავშვისთვის უზრუნველყოფილ ზრუნვაზე.
პირდაპირი ზემოქმედება:
სტრესმა შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს ნაყოფის ნეირობიოლოგიურ განვითარებაზე. მაგალითად, კვლევები აჩვენებს, რომ საშვილოსნოში კორტიზოლის (ანუ გლუკოკორტიკოიდების) ზემოქმედება — იქნება ეს დედის სტრესის შედეგად თუ გარედან მიღებული პრეპარატებით — ცვლის ნაყოფის სტრესულ რეაქციებზე პასუხისმგებელ სისტემებს, რაც გავლენას ახდენს მის ქცევასა და ფიზიოლოგიაზე სიცოცხლის განმავლობაში.როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ პრენატალურ სტრესს შეუძლია გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებაზე და ფუნქციონირებაზე მთელი სიცოცხლის მანძილზე.
სტრესი, იმუნური რეაქცია და დედის ჯანმრთელობა
ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარ-თირკმელზედა ღერძისა (HPA) და ანთებითი პასუხის გააქტიურებამ ორსულობის დროს შეიძლება იმოქმედოს დედის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდში და მის ფარგლებს გარეთაც.
დედები, რომლებიც ორსულობისას განიცდიან ძლიერ სტრესს, მეტად მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციებისა და ავადმყოფობების მიმართ, რაც დაკავშირებულია იმუნური სისტემის დასუსტებულ უნართან გაუმკლავდეს გამოწვევებს.
დედის ავადმყოფობა ორსულობის პერიოდში ორსულობის მიმდინარეობაზეც ახდენს გავლენას, და ამას შეიძლება ხელი შეუწყოს არა მხოლოდ იმუნური სისტემის ანთებითი აქტივობით, არამედ ქცევითი ცვლილებებითაც:
- არასაკმარისი ან არაჯანსაღი კვება,
- შემცირებული ფიზიკური აქტივობა,
- ძილის რღვევა და რითმის დარღვევა.
ორსულობის დროს განწყობის დარღვევები და მათი გავლენა ორსულობაზე
ორსულობის პერიოდში განწყობის დარღვევები გავრცელებული მოვლენაა და ხშირად ასოცირდება ორსულობის არასასურველ შედეგებთან, 8%-დან 13%-მდე ქალს დიაგნოსტირებული აქვს შფოთვითი ან დეპრესიული აშლილობა ორსულობის პერიოდში, და ბევრ მათგანს ეს დიაგნოზი უკვე აქვს დადგმული ორსულობამდე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალებს, რომლებსაც კლინიკური კრიტერიუმებით დიაგნოზი არ აქვთ, მაგრამ მაინც აღენიშნებათ შფოთვისა და დეპრესიის სუბკლინიკური სიმპტომები, უფრო ხშირად აღენიშნებათ ნაყოფის ზრდის შეფერხება და ნაადრევი მშობიარობა.
მიუხედავად იმისა, რომ პერინატალურ განწყობის დარღვევებზე კვლევების უმეტესობა ფოკუსირდება პოსტნატალურ დეპრესიაზე, დადგინდა, რომ შემთხვევათა დაახლოებით 50% იწყება პრენატალურად, ხოლო 30%-ზე მეტი განწყობის დარღვევა გრძელდება მშობიარობის შემდეგ პერიოდშიც.
ორსულობისას დედის დეპრესიასა და შფოთვას უკავშირებენ ბავშვის ემოციურ დისრეგულაციასა და ნეიროლოგიურ ცვლილებებს.
სტრესისა და ანთებითი მედიატორების ზემოქმედებაც განიხილება, როგორც დეპრესიის წარმოშობის შესაძლო ბიოლოგიური საფუძველი. კვლევები აჩვენებს, რომ პერინატალური განწყობის დარღვევები უფრო ხშირია იმ ქალებში, რომლებიც ორსულობისას მაღალი დონის ცხოვრებისეულ სტრესს განიცდიან.
ეს მნიშვნელოვანი მიგნებაა, რადგან ორსულობის დროს დედის განწყობის დარღვევებს მჭიდრო კავშირი აქვს დაბალი ხარისხის პოსტნატალურ ზრუნვასთან, მათ შორის:
- ძუძუთი კვების შემცირებულ ხანგრძლივობასთან,
- დედა-შვილის ურთიერთქმედების დარღვევასთან,
- ჩვილის ქცევითი განვითარების შეფერხებასთან.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ორსულობისას დეპრესია ასოცირდება HPA ღერძის აქტივაციის მატებასთან, თუმცა ანთებითი მარკერების და ორსულობის დროს განწყობის დარღვევებს შორის კავშირი ჯერ კიდევ აქტიური კვლევის თემაა.
სტრესის ზეგავლენა ორსულობაზე და მშობიარობაზე
პრენატალურმა სტრესმა შეიძლება არაპირდაპირ იმოქმედოს ჩვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ორსულობის არასასურველი შედეგების გაზრდის გზით, რაც თავის მხრივ ქმნის განვითარების სირთულეების მაღალ რისკს.
გამოკვეთილია, რომ განსაკუთრებით მძიმე სტრესი ორსულობის ადრეულ ეტაპებზე ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს მშობიარობის შედეგებზე.
მაგალითად:
- ორსულობის ძალიან ადრეულ პერიოდში ძლიერი სტრესის (მაგალითად, ახლობლის გარდაცვალება, განქორწინება) დროს მნიშვნელოვნად იზრდება ნაყოფის გულის განვითარების მანკების, ნეირულ მილთან დაკავშირებული დეფექტების ან ტუჩის რღვევის (კეფტის) მქონე შვილის გაჩენის რისკი.
- ნაკლებად მძიმე სტრესის ფორმები და ორსულობის შედეგებზე მათი გავლენა
- სტრესის შედარებით ნაკლებად მძიმე ფორმები — როგორიცაა შეგრძნებული სტრესი, ორსულობასთან დაკავშირებული სპეციფიკური შფოთვა და შფოთვითი განწყობა — იწვევს დაბალი წონით (LBW) დაბადებისა და ნაადრევი მშობიარობის (PTB) რისკის მკვეთრ გაზრდას.
- რამდენიმე კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საშუალო სიმძიმის პრენატალურ სტრესსაც კი შეუძლია ხელი შეუწყოს PTB-ისა და LBW-ის ჩამოყალიბებას.
დაბალი წონით ან ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს, მიუხედავად გამომწვევი მიზეზისა, ხშირად აღენიშნებათ:
- ქცევითი და ფიზიოლოგიური განვითარების ხანგრძლივი შეფერხებები,
- ასთმა, ალერგიები და სხვა ქრონიკული მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს გრძელვადიან სამედიცინო ჩარევას ბავშვობაში და ზოგჯერ ზრდასრულობაშიც კი,
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის აფექტური აშლილობებისადმი უფრო მაღალი მიდრეკილება.
სტრესის ზეგავლენა იმუნურ, ენდოკრინულ და ნერვულ სისტემებზე
კვლევები აჩვენებს, რომ პრენატალური სტრესი ზეგავლენას ახდენს ორსულობის შედეგებზე იმით, რომ არღვევს იმ ადაპტურ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანმრთელი ორსულობის მიმდინარეობას.სტრესი ააქტიურებს დედის ენდოკრინულ და იმუნურ სისტემებს, რაც ზრდის:
- ნაადრევი მშობიარობის (PTB),
- დაბალი წონის (LBW),
- და შემცირებული გესტაციური ხანგრძლივობის რისკს (ანუ დაბადება 37–40 კვირამდე).
ასევე გამოვლენილია, რომ ქალებს, რომლებიც განიცდიან სტრესს და აქვთ სტრესთან დაკავშირებული ჰორმონების მომატებული დონე, უფრო მაღალი აქვთ LBW ჩვილის გაჩენის ალბათობა.
სტრესი, იქნება ის ფსიქოსოციური თუ ორსულობასთან დაკავშირებული, ზემოქმედებს დედის ფიზიოლოგიაზე მრავალი გზით — განსაკუთრებით იმუნური და ჰორმონული სისტემების გავლით — რაც იწვევს ნაადრევ დაბადებას, დაბალ წონას და ჯანმრთელობის რისკებს როგორც ჩვილისთვის, ისე დედისთვის.
ადამიანებზე ჩატარებული კვლევები, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად შედარებით ცოტაა, მსგავს სურათს აჩვენებს: სტრესულ ორსულობათა შვილებს აღენიშნებათ:
- გაღრმავებული მიდრეკილება ალერგიებისა და ასთმისკენ ბავშვობაში,
- დაბადებისას დაქვეითებული ინფექციებზე რეაგირების უნარი და დაბალი იმუნიტეტი.
ეს ზეგავლენა შესაძლოა შენარჩუნდეს ზრდასრულობამდეც:
Entringer-ისა და სხვების კვლევაში დასტურდება, რომ იმ ზრდასრულ ქალებს, რომელთა დედებს ორსულობისას მნიშვნელოვანი უარყოფითი გამოცდილება ჰქონდათ, ლაბორატორიულ პირობებში ლიმფოციტების ციტოკინების გამომუშავება განსხვავებულია — ეს მიუთითებს იმუნური სისტემის ფუნქციური ცვლილებების შენარჩუნებაზე მრავალი წლის შემდეგაც.
თაობათაშორისი ეფექტები და ეპიგენეტიკა
ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალების მეორე თაობის შვილებს, რომლებმაც ორსულობისას სტრესი გადაიტანეს, შესაძლოა აღენიშნებოდეთ:
- გლუკოკორტიკოიდულ სისტემაში ცვლილებები,
- და აფექტური აშლილობებისადმი გაზრდილი მიდრეკილება.
ეს მიგნებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუთითებს, რომ:
- პრენატალური სტრესის ეფექტები შესაძლოა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი თაობით, არამედ გადაეცეს შემდეგ თაობებსაც,
- ამ ეფექტებმა შეიძლება გაძლიერდეს, თუ შემდეგ თაობაც დამატებით სტრესულ გარემოში აღმოჩნდება.
ამჟამად საჭიროა მეტი გრძელვადიანი ლონგიტუდური კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეაფასებს ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და ცხოვრების გზაზე გავლენიან ცვლადებს, რათა სრულად დავახასიათოთ ეპიგენეტიკური მექანიზმები.
კლინიკური ინტერვენციების საჭიროება
ამ კონტექსტში, ზოგიერთი მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს ეფექტური და პრაქტიკული კლინიკური ინტერვენციების შემუშავებაზე, რათა:
- შემცირდეს ორსულობის დროს სტრესის ზემოქმედება დედის ჯანმრთელობაზე,
- და გაიზარდოს ნაყოფის განვითარების უსაფრთხოება და წარმატება.
სტრესორის დროს ორგანიზმში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი ნივთიერება, რომლებიც მოქმედებენ როგორც ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები. ისინი განსხვავდებიან იმაზე დამოკიდებულებით, არის თუ არა სტრესი დისტრესი (მავნე) თუ ეუსტრესი (სასარგებლო, მოტივაციური).
სტრესორის დროს გამოიყოფა:
- კორტიზოლი – „სტრესის ჰორმონი“
- გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში.
- მოქმედებს გრძელვადიან სტრესზე.
- ზრდის გლუკოზის დონეს, თრგუნავს იმუნურ სისტემას.
- ეხმარება ორგანიზმს გადარჩენის რეჟიმში მუშაობაში.
- ადრენალინი (ეპინეფრინი) და ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი)
- გამომუშავდებიან თირკმელზედას რბილში.
- იძლევიან სწრაფ რეაქციას („ბრძოლა ან გაქცევა“).
- აჩქარებენ გულისცემას, წნევას, სუნთქვას.
- აძლიერებენ ყურადღებასა და ენერგიას.
- ეუსტრესის დროს:
ეუსტრესი ასევე ააქტიურებს ზემოთ ჩამოთვლილ მექანიზმებს, მაგრამ თანმხლები განცდები პოზიტიური და მოტივაციურია. ეუსტრესი აღიქმება როგორც გამოწვევა, არა საფრთხე.
- ადრენალინი – ეხმარება კონცენტრაციას, მოტივაციას, მოქმედების სურვილს.
- დოფამინი – ხშირად ჩართულია პოზიტიური სტრესის დროს, როცა ადამიანი გრძნობს აღგზნებას, ინტერესს ან მიღწევის სურვილს.
- ენდორფინები – ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები და კეთილდღეობის ჰორმონები, ხშირად გამოიყოფა პოზიტიური შფოთისას (მაგალითად: გამოსვლის წინ, შეჯიბრის დროს).
მდგომარეობა |
ძირითადი ნივთიერებები |
მოქმედება |
დისტრესი |
კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინი |
ნეგატიური სტრესი, ორგანიზმის გადატვირთვა |
ეუსტრესი |
ადრენალინი, დოფამინი, ენდორფინები |
პოზიტიური მოტივაცია, პროდუქტიულობა |
სტრესთან დაკავშირებული ჰორმონების (მაგ. კორტიზოლი, ადრენალინი) ზემოქმედება ორსულობის დროს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.
დედის სტრესისას გამოყოფილი ჰორმონები და მათი მოქმედება მუცელში მყოფ ბავშვზე
- კორტიზოლი მთავარი სტრესის ჰორმონი და მისი როლი ნაყოფის განვითარებაში:
- ფიზიოლოგიურად საჭიროია ნაყოფის ფილტვების, ღვიძლისა და ნერვული სისტემის მომწიფებისთვის, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში.
- დედის სისხლიდან გარკვეული რაოდენობით გადადის პლაცენტის მეშვეობით ნაყოფში.
- სტრესის უარყოფითი შედეგები:
თუ კორტიზოლის დონე დედის ორგანიზმში ხანგრძლივად და მაღალ დონეზეა, შეიძლება:
- შეანელოს ნაყოფის ზრდა
- იმოქმედოს ნაყოფის ტვინის სტრუქტურასა და ემოციურ რეგულაციაზე
- გაზარდოს ბავშვის მომავალში შფოთვის, დეპრესიის ან სტრესისადმი მგრძნობელობის რისკი
- ადრენალინი და ნორადრენალინი – სწრაფი სტრესის ჰორმონები
- პირდაპირ პლაცენტას არ კვეთენ, მაგრამ გავლენას ახდენენ დედის სისხლის მიმოქცევაზე:
ავიწროებს სისხლძარღვებს ➤ მცირდება პლაცენტარული სისხლმომარაგება ➤ ნაყოფს შეიძლება ნაკლები ჟანგბადი და საკვები მიეწოდოს, შედეგად:
- ბავშვი ხდება უფრო მგრძნობიარე შფოთვაზე ან მოულოდნელ სტიმულებზე
- ნერვული სისტემა შეიძლება გადაიმოცოს უფრო ფხიზლად რეაგირებად რეჟიმზე
- დოფამინი და ენდორფინები – პოზიტიური ჰორმონები. როცა დედა განიცდის ეუსტრესს, სიხარულს ან სიამოვნებას:
- იზრდება ენდორფინების და დოფამინის დონე
- ეს ჰორმონები ხელს უწყობენ ნაყოფის ნერვული სისტემის სტაბილურ განვითარებას
- დედის კარგ ემოციურ მდგომარეობას მოსდევს უკეთესი გულისცემა, სუნთქვა და სისხლის ნაკადი, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის ჯანმრთელ მიკროკლიმატს
პლაცენტარული ბარიერი – ბუნებრივი დაცვა
პლაცენტა ნაწილობრივ აკონტროლებს კორტიზოლის გადაცემას ნაყოფზე. არსებობს ფერმენტი ,რომელიც დედის კორტიზოლის ნაწილს ნაკლებაქტიურ ფორმად გარდაქმნის., მაგრამ ქრონიკული სტრესისას ეს მექანიზმიც სუსტდება.
ჰორმონი |
დედაზე მოქმედება |
ნაყოფზე გავლენა |
კორტიზოლი |
ზრდის შფოთვას, იმუნური პასუხის შემცირება |
ნერვული სისტემის ფორმირება, მაგრამ ქრონიკულად – განვითარების შეფერხება |
ადრენალინი/ნორადრენალინი |
სწრაფი რეაქციები სტრესზე |
სისხლის ნაკადის შემცირება ➤ ნაკლები ჟანგბადი |
დოფამინი, ენდორფინები |
დადებითი ემოციები, მოტივაცია |
ხელს უწყობს სტაბილურ განვითარებას |
ანტენატალური (ორსულობამდელი და ორსულობის პერიოდის) ფსიქოტრავმული გამოცდილება, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ორსულობის პერიოდში დედის მიერ განცდილი ტრავმული მოვლენები მოქმედრებს ბავშვის:
- სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე,
- პათოპსიქოლოგიურ (ფსიქოპათოლოგიურ) რისკებზე,
- და ქცევით განვითარებაზე.
ორსულობის პერიოდში განცდილი ტრავმული გამოცდილება (მაგალითად, ოჯახური ძალადობა, სტიქიური კატასტროფა, ომი ან სერიოზული დანაკარგი) დაკავშირებულია ბავშვის:
- ემოციური რეგულაციის სირთულეებთან,
- შფოთვითი აშლილობებისა და დეპრესიული ტენდენციების მაღალი ალბათობით,
- აგრესიული ან იზოლაციური ქცევის რისკით ადრეულ ბავშვობაში.
თუ ტრავმა ხდება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, მაშინ ზეგავლენა განსაკუთრებით ძლიერია ნეირო-ემოციურ სისტემებზე, რადგან ამ პერიოდში მიმდინარეობს ნაყოფის ტვინის სტრუქტურებისა და ჰორმონული რეგულაციის სისტემების ჩამოყალიბება. ტრავმული სტრესის ზემოქმედება ხშირად (გავლენას ახდენს) ნერვულ-ენდოკრინული სისტემებით (განსაკუთრებით HPA ღერძით) და ციტოკინური ანთებითი რეაქციებით, რაც ცვლის ნაყოფის განვითარებად სისტემებს.
ანტენატალურ პერიოდში დედის მიერ განცდილი ფსიქოტრავმა გრძელვადიანად მოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ქცევით ფუნქციონირებაზე, ზრდის შფოთვითი, აფექტური და ქცევითი აშლილობების რისკს ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში.
სისტემატური მტკიცებულება აჩვენებს, რომ ფსიქოტრავმის გავლენა მედიირდება ბიოლოგიური გზებით — კერძოდ, ჰორმონული, იმუნური და ნეირონული ცვლილებებით.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ორსულთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, სტრესისა და ტრავმის ადრეულ სკრინინგს, ფსიქოსოციალურ ინტერვენციებსა და მშობელთა განათლებას, რათა შემცირდეს ნეგატიური გავლენა შვილის გრძელვადიან განვითარებაზე.
ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე გამცდილი ტრავმული ეპიზოდები და მათი ზემოქმედების დიფერენცირებულ შედეგები პირდაპირ აისახება
- დედისა და შვილის ფიზიო, ფსიქო და სოციალურ კეთილდღეობაზე
- და ეპიგენეტიკურ ცვლილებებზე, რომლებიც გადაეცემა თაობებს.
წყაროები:
Milad MP, Klock SC, Moses S, Chatterton R. Stress and anxiety do not result in pregnancy wastage. Hum Reprod 1998; 13: 2296–300 [DOI] [PubMed] [Google Scholar]
Lobel M. Conceptualizations, measurement, and effects of prenatal maternal stress on birth outcomes. J Behav Med 1994; 17: 225–72 [DOI] [PubMed] [Google Scholar]
Orr ST, James SA, Casper R. Psychosocial stressors and low birthweight: development of a questionnaire. Dev Behav Pediatr 1992; 13: 343–7 [PubMed] [Google Scholar]
Lobel M, Cannella DL, Graham JE, DeVincent C, Schneider J, Meyer BA. Pregnancy-specific stress, prenatal health behaviors, and birth outcomes. Health Psychol 2008; 27: 604–15 [DOI] [PubMed] [Google Scholar]
Ünsel-Bolat, G., Yıldırım, S., Kılıçaslan, F., & Caparros-Gonzalez, R. A. (წელი). Natural disasters as a maternal prenatal stressor and children’s neurodevelopment: A systematic review.